Search for a command to run...
სააკვნო ლექს-სიმღერები და მათი შესრულების ტრადიცია ბოლო დრომდე შემოინახეს საქართველოს უძველეს რეგიონში – სპერში, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მოწყვეტილია საქართველოს და, სამწუხაროდ, ასწლეულებია, რაც იქ ქართული მეტყველება აღარ ისმის. მიუხედავად ისტორიული პერიპეტიებისა, სპერში – ბაგრატიონთა ისტორიულ სამემკვიდრეოში, დღემდე ისმის ქართული ხალხური სააკვნო ლექს-სიმღერის - „ნანა” / „ნანინა” – მათებური ლექსემა: „ნინი” / „ნინინი”, რაც ზოგადქართული და ზოგადკავკასიური ქალღმერთის – ნანას სახელწოდებიდან მომდინარეობს. სპერულ „ნინი” // „ნინინი” ქართული „ნანების”, განსაკუთრებით კი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სააკვნო ლექს-სიმღერათა ვარიანტების მსგავსია, რაც იმის დასტურია, რომ სპერელთა ისტორიულ მეხსიერებაში მყარად არის ჩაბუდებული ეროვნული ტრადიციების, იდენტობის გენეტიკური კოდი, რამაც, ფოლკლორის სხვა ჟანრებთან ერთად, სააკვნო ლექს-სიმღერებშიც იჩინა თავი. სპერის სოფლებში მრავლად ჩავიწერეთ სააკვნო ლექს-სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ ქალები –დედები და ბებიები, პათოსი კი ისეთივეა, როგორიც – ქართულში: სპერელებიც ბავშვს ეალერსებიან, უქმნიან სათანადო მყუდრო გარემოს დასაძინებლად. სპერული სააკვნო ლექს-სიმღერები როგორც ლექსიკურად, ისე შინაარსობრივად და, აგრეთვე, განწყობა-ხასიათის მხრივაც მსგავსია ზოგადქართული „ნანებისა“; ირივეგან შემორჩენილია როგორც უძველესი მსოფლმხედველობის ნიუანსები, ისე სამეურნეო-ყოფითი რეალიები. ამისი ნათელი დასტურია ლექს-სიმღერათა ტექსტებში ცხოველებისა თუ ფრინველების „გაძევების“ მაგალითები, როგორიცაა მეგრული „სისა ტურა“ და, აგრეთვე, საქართველოს სხვა რეგიონების ტრადიციული სააკვნო ლექს-სიმღერები. სპერულ „ნინინებში“ ხშირია რიტმული განმეორებანი, რაც განსაკუთრებულად დამახასიათებელია ქართული სააკვნო ლექს-სიმღერებისათვის და რაც აშკარად მიუთითებს ლექსიკური პრინციპისაკენ – გარითმვისაკენ ამ ტექსტთა მისწრაფებაზე,. ასწლეულების ქართულენოვანი დუმილის მიუხედავად, საქართველოს ძირძველი კუთხის – სპერის მოსახლეობის ისტორიულმა მეხსიერებამ მაინც შემოინახა ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიული ყოფის გენეტიკური მახსოვრობის ბევრი ნიუანსი და მათ შორის, ბუნებრივია, უნდა მოვიხსენიოთ სააკვნო ლექს-სიმღერებიც.